KA
Gomismta

გომისმთა

გომისმთა კლიმატური კურორტია, რომელსაც გურიის სამკურნალო კურორტების სიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ის ქალაქ ოზურგეთიდან 33 კმ-ის დაშორებით და ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ამიტომ მას „ღრუბლების კურორტსაც“ უწოდებენ.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

გომისმთა და ბუნება

ამ მთის კალთიდან შენ თვალწინ ულამაზესი კოლხური ბუნება იშლება. კურორტს სამხრეთ-დასავლეთიდან  წიწვოვანი ტყე აკრავს, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ალპური მდელოებია. აქაურობა მდიდარია მინერალური წყაროებით. 

გომისმთაზე ზაფხული ზომიერად გრილია - ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +16°C; ზამთარში კი უხვი თოვლი იცის და ჰაერის ტემპერატურა -5°C-ამდე ჩამოდის; ასე რომ, თბილი ტანსაცმელი ნებისმიერ სეზონზე თან უნდა იქონიო.

მსოფლიოსთვის ცნობილი ხედი

გომისმთისკენ რომელ სეზონზეც არ უნდა წახვიდე, გზაში ყოველთვის ცრის. იფიქრებ, რომ, რაც უფრო ზევით ახვალ, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, მაგრამ გომისმთას ერთი საიდუმლო აქვს - ღრუბლები არა მის თავზე, არამედ მის ქვეშ დაცურავს.
როცა ამ ღრუბლებს ასცდები, პირველი შთაბეჭდილება არასდროს დაგავიწყდება: ზემოდან დახედავ ღრუბლების საბანს, რომელშიც აქა-იქ საუკუნოვანი ხეების კენწეროები მოჩანს; მზე კი ისეთი წითელია, მხოლოდ ნახატზე თუ გინახავს, და ისეთი დიდი, რომ დაჯერება გიჭირს. ამ ხედის ფოტოებს არაერთ უცხოურ ბეჭდურ თუ ონლაინგამოცემაში შეხვდები.  

კარგ ამინდში აქედან შეუიარაღებელი თვალით დაინახავ შავ ზღვას. მზის ამოსვლა-ჩასვლა კი გომისმთიდან ზამთარ-ზაფხულ ულამაზესი სანახავია.

გომისმთის სამკურნალო ფაქტორი

გომისმთას ადრე მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად იყენებდნენ. 1902 წელს აქ სულ 20 სახლი მდგარა, თუმცა უკვე იცოდნენ, რომ გომისმთის ჰაერს გასაოცარი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე; 

გომისმთის სპეციფიკური ჰავა, რომელსაც მთისა და ზღვის ჰაერის შეზავება ქმნის, დადასტურებულად უხდება ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ქრონიკული და მშრალი ბრონქიტი, ქრონიკული ტუბერკულოზი, რაქიტი, ასთმის მსუბუქი ფორმები და კიდევ ათობით დაავადება. ამიტომ ამ კლიმატურ კურორტს ივნისიდან სექტემბრამდე ბევრი დამსვენებელი ჰყავს. 

ლაშქრობა და კემპინგი

გომისმთა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ირგვლივ საინტერესო სალაშქრო მარშრუტებია: კრატერული წარმოშობის ჭინჭაოს ტბა - 12 კმ-ში; კინტრიშის ნაკრძალი - 20 კმ-ში; კურორტი ბახმარო - 25 კმ-ში და კურორტი მერიაყელი - 23 კმ-ში. 

მართალია, კურორტზე ხის სააგარაკო სახლები დგას, მაგრამ გომისმთაზე ბევრი ადამიანი კარვებით ადის. აქ ღია ცის ქვეშ ღამის გათენება საოცარი სანახაობაა - ვარსკვლავები ისე ახლოსაა, თითქოს ხელით ეხები, ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია - ეს თავად უნდა გამოცადო.

გომისმთა ზამთარში

ზამთარში გომისმთაზე უხვი ნალექი - 3 მეტრამდე თოვლი იცის, რაც ზამთრის სპორტისა და ექსტრემის მოყვარულებს იზიდავს. 

გომისმთამდე საავტომობილო გზით მიხვალ, შემდეგ უკვე დაახლოებით 9-10 კმ ფეხით უნდა გაიარო და შეიძლება, გაუკვალავი თოვლის გაჭრაც მოგიწიოს.

გომისმთაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა არ არის, სახლების პატრონები კურორტზე მხოლოდ ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე დაგხვდებიან, ამიტომ საკუთარი თავის მასპინძლებიც და ღრუბლების მბრძანებლებიც შენ და შენი მეგობრები იქნებით. 

გაითვალისწინეთ, რომ  ბილიკები მარკირებული არ არის, ამიტომ გადაადგილებისას უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის დაგჭირდებათ გამყოლი, ადგილობრივის დახმარება, GPS ან ელექტრონული აპლიკაციის დახმარება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა