KA
Ilia Chavchavadze Saguramo State Museum

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი მთავარი სახელია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც დიდი თუ პატარა ერთნაირი პატივისცემით ეკიდება. მან, როგორც მწერალმა, პუბლიცისტმა, ბანკირმა და საზოგადო მოღვაწემ, XIX საუკუნეში ქვეყანას თანამედროვე სახელმწიფოს მიმართულება მისცა; ეს კი იმ ეპოქის საქართველოში წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, რაც ილიას სახელს უკავშირდება.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
კურორტი
საგურამო

სად მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი?

ამ სახლში, რომელიც მცხეთის რაიონში, სოფელ საგურამოში მდებარეობს, ილია ჭავჭავაძე სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. 

მწვანეში ჩაფლულ შენობა ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილის მემკვიდრეობა იყო. შენობაში  11 ოთახია. სახლის დიდი აივნები ულამაზეს ეზოს გადაჰყურებს, სადაც ილიას მიერ დარგული ხეები დღესაც კი ხარობს.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ისტორია

ეს ეზო მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილი იყო. აქ ყოველ 2 აგვისტოს (ძველი სტილით 20 ივლისს) ილია ჭავჭავაძე თავისი ანგელოზის - ელია წინასწარმეტყველის დღეს აღნიშნავდა. ეს დღე მას განსაკუთრებულად უყვარდა და ეზოში დიდი სუფრა იშლებოდა, ცნობილი ადამიანები და უბრალო გლეხები ერთმანეთის გვერდიგვერდ სხდებოდნენ. ილიას უცხოელებიც სტუმრობდნენ, მათ შორის ბრიტანელი, ფრანგი და პოლონელი დიპლომატები.

ეზოში მარანსაც შეხვდებით - ღვინის დასაყენებელ და შესანახ ნაგებობას. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძემ დიდი როლი შეასრულა ისეთ საქმეშიც, რასაც დღეს ღვინის მარკეტინგსა და ბრენდინგს ვუწოდებთ.

ილიას სიკვდილის შემდეგ ილიას მეუღლემ საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა - წლების განმავლობაში აქ სკოლა ფუნქციონირებდა. 

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დღეს

ამჟამად ამ შენობაში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია. აქ ინახება მწერლის ხელნაწერები, მისივე რედაქტორობით გამოცემული გაზეთების პირველი ეგზემპლარები, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, იმ ეპოქის ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და სხვა.

საგურამოს სახლ-მუზეუმი, არაერთხელ ყოფილა ცნობილი ქართული ფილმების გადაღების „მოედანიც“.

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ამ ეზოში იმართება პოეზიის საღამოები, ეწყობა კულტურული დღეები და ისევ აღინიშნება 2 აგვისტო, თუმცა დღეს უკვე ორი დიდი წმინდანის – დიდებული წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელისა და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღედ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა