KA
The Svaneti Museum Collection

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარეა და აქ უამრავ საინტერესო თავგადასავალს გადააწყდები. სვანეთში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში, ერთმანეთს ერწყმის წარმართული და ქრისტიანული რიტუალები, წეს-ჩვეულებები, რაც ახალ, თვითმყოფად სახეს იღებს და განსაკუთრებით ტურისტებსა და მოგზაურებს იზიდავს. ამ მხარეში რომ იმოგზაურებ, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან ეს ადგილი შენ წინ სვანეთის უდიდეს ისტორიას გააცოცხლებს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
რეგიონი
მესტია

სად მდებარეობს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი?

მესტიაში ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძური ინახება. ეს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმია, რომელიც 1936 წელს სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სიძველეების ბაზაზე შეიქმნა და ის მსოფლიოს 100 გამორჩეული მუზეუმის სიაშია.

რას ნახავ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში?

აქ დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ხელოვნების, ხელნაწერებისა და ეთნოგრაფიის კოლექციები. 

საქართველოს წარსულში მოგზაურობა შოთა ჩართოლანის სახელობის არქეოლოგიური დარბაზიდან იწყება, სადაც გამოფენილია მონეტები - როგორც ძვ. წ. V საუკუნეში მოჭრილი „კოლხური თეთრი“, ისე XX საუკუნის უცხოური ეგზემპლარები.

მომდევნო ექსპოზიცია ქრისტიანულ საგანძურს ეთმობა, მათ შორისაა: ტაო-კლარჯეთისა და იერუსალიმის სკრიპტორიუმებში გადაწერილი, ძვირფას ყდებში ჩასმული ხელნაწერები, ოთხთავები, ადრე ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის რეპერტუარის ქართული თარგმანები და იერუსალიმში გადაწერილი ლაჰილის ოთხთავი. აქვეა დაცული XVIII-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნები, ადიშის ოთხთავი ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ოთხთავის ნიმუში, უნიკალური ლიტერატურული ძეგლი - ტვიბერის ოთხთავი, სვანი ოსტატების მიერ ლატალის, ფარის, სვიფისა და იფარის თემების სახელოსნოებში შექმნილი ფერწერული ხატები და ჭედური ჯვრები. 

შემდეგი დარბაზი აღადგენს საკრალურ სივრცეს, სადაც მეფეებისა თუ კერძო პირების მიერ შეწირული ლიტურგიკული ნივთებია წარმოდგენილი. ექსპოზიცია სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი გამოფენით მთავრდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა